ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ ინფრმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ნაჭრელა“ ხევსურეთის მთებში დაბადებული მრავალგვარი და მრავალსახა ორნამენტებით შექმნილი და დასრულებული კომპოზიციაა, რომელიც სამოსისა და აქსესუარების მთავარ მახასიათებლად მიიჩნეოდა. ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში „ნაჭრელა“ გვხვდება ხეზე, ლითონზე, ძვალსა და ქვაზეც. „ნაჭრელას“ ხევსურები ნაქარგ სახეს უწოდებენ. ეს, საუკუნეების წიაღიდან, დღემდე შემონახული ულამაზესი ორნამენტებისა და ფერების ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც ჯვრული ტექნიკის გამოყენებით სრულდება. ტრადიციულად, დედიდან შვილზე გადაცემული „ნაჭრელას“ ქარგვის საუკუნოვანი ტრადიცია, როგორც ამ ოსტატთა იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დღესაც ცოცხალია." - ნათქვამია ინფორმაციაში.