საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა და გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მხატვრის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და მხატვრის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს  მხატვრის გარდაცვალების შემდეგ პირველი გამოფენაა. ნინო ლორთქიფანიძე პანდემიის დროს უცხოეთში მოულოდნელად გარდაიცვალა. მხატვრის ნამუშევრებს მისმა დამ მოუყარა თავი, დააბრუნა სამშობლოში და სამინისტროს ნინო ლორთქიფანიძის უმდიდრესი სიურრეალისტური სამყაროს ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა შესთავაზა. მოულოდნელი გარდაცვალების გათვალისწინებით, მხატვრის პერსონალური გამოფენის მოწყობა მეტად მნიშვნელოვანია.

ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგის დაბეჭდვა კულტურის სამინისტროს კონკურსის - „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ - გამარჯვებული პროექტია. ორენოვანი კატალოგი აერთიანებს მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს. ალბომის ტექსტზე იმუშავეს გიორგი კალანდიამ და ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ, დიზაინერია ირაკლი ზამბახიძე, სარედაქციო კონსულტანტი - რუსუდან ლორთქიფანიძე.

რთულია, ნინო (დოდო) ლორთქიფანიძის შემოქმედებას საზღვრები დავუწესოთ. მის ტილოებზე გამოსახული ფორმებისა და ფერების ზუსტი ახსნა შეუძლებელია, უფრო სწორად, მისი ახსნა იმდენგვარად შეიძლება, რამდენი ადამიანიც გადაშლის  მის ალბომს. გამოფენაზე, რომელიც 11 დეკემბრამდე გაგრძელდება, დამთვალიერებელი იხილავს მხატვრის 30-ამდე უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავ ნამუშევარს.

აღსანიშნავია, რომ ნინო ლორთქიფანიძის დამ, ქალბატონმა რუსუდანმა, მხატვრის ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.