საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიღება იმართება, სადაც ისინი ხელმოწერების კამპანიას - “ჩვენი ხმა ევროპას” უერთდებიან.
ორბელიანების სასახლეში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები ხელს აწერენ ევროსტრუქტურებისადმი მიმართვას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმომწერი პირები ითხოვენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს “საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნების თანახმად”.
კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვლადიმერ ონოფრიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის - “ჩვენი ხმა ევროპის” ფარგლებში მიიღებენ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პეტიციას ხელს მოაწერენ.
“როგორც ონლაინ, ისე ადგილზე მიმდინარეობს ხელმოწერები. პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” გრძელდება. დღეს საქართველოს პრეზიდენტი და ორბელიანების სასახლე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მასპინძლობს. 15 დეკემბრამდე გაგრძელდება როგორც ხელმოწერების შეგროვება, ისე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდებით და მოვიწვევთ. ყველა ადამიანი ხელმოწერით ადასტურებს მხარდაჭერას ამ კაპანიისადმი. ასევე, ყოველ დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე სასახლის კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელი მოაწეროს ადგილზე ან ონლაინ. დღეს კულტურის წარმომადგენლები არიან მოწვეულები, ზუსტად ის ხალხი, ვინც ძალიანაა კავშირში ევროპასთან, რადგან ჩვენი ეს სფერო განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში. მოდიან, რათა მხარი დაუჭირონ ამ კამპანიას, სხვა არაფერი”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ხელმოწერების კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“ 8 ნოემბერს დაიწყო.