საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის შესაძლებლობას გაზრდის.

მისივე თქმით, RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.

ეკატერინე გალდავას განცხადებით, გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.

როგორც გალდავამ აღნიშნა, პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რამაც საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობა უზრუნველყო. მისივე თქმით, პროექტი ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, თუმცა წარმატებით განხორციელება ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ამასთან, ეკატერინე გალდავას განმარტებით, პროექტში ჩართული იყვნენ როგორც კომერციული ბანკები და ტექნიკური ჯგუფები, ასევე ამერიკაში დაფუძნებული კომპანია „მონტრანი“ და ქართული კომპანიები, რომლებიც სისტემასთან მონაწილეების ინტეგრაციას უზრუნველყოფდნენ.

„თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები დღეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, ამ პროცესებს არ ჩამოვრჩეთ. RTGS-ის სისტემის განახლება იყო პირველი ეტაპი და ახლო მომავალში ახალ პროექტებზე გადავალთ“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეკატერინე გალდავას თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ე.წ. მყისიერი გადახდების პროექტია, რაც მოსახლეობას გადახდებისა და გადარიცხვების პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.