გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, კალიებთან ბრძოლის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაგრძელების საკითხები განიხილა.

 მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს კალიებთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული ფინანსური, ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერისთვის.


 „პროგრამამ შესაძლებელი გახადა სასაზღვრო რეგიონებში კალიების გავრცელების კუთხით არსებული სიტუაციების ერთობლივი შეფასება, რაც დაეხმარა მავნებლების მიერ გამოწვეული რისკების შემცირებას და ექსპერტთა რეგიონული ქსელის ჩამოყალიბებას. პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მაღალი გამავლობის ტექნიკა“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.


 FAO-ს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ჩართულობა რეგიონულ პროგრამაში და აღნიშნეს, რომ საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა.


 „საქართველო იყო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და არაერთი ინიციატივა სწორედ მისი ჩართულობით დაიწყო. პროგრამაში ჩართულ 10 ქვეყანას შორის საქართველომ საუკეთესო შედეგები აჩვენა და ის სხვა მონაწილეებისთვის სამაგალითო ქვეყანად იქცა“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა მარიონ შირისმა.