„თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კალაძე იმასთან დაკავშირებით, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „გამჭვირვალობის კანონზე“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი ისე შეიტანა, რომ კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.

„ესეც ცხადყოფს, რომ აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის მაშინვე უნდა შეჩერებულიყო. აღნიშნული კანონი მოითხოვს, რომ  საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ ვისგან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება, თუმცა, ის გარედან დავალებით შეიფუთა, ვითომ „რუსული კანონი“ იყო. ცხადია, მათ არანაირი არგუმენტი არ გაჩნიათ  და ეს არის უბრალოდ გასაჟღერებლად, რომ დავა გაიტანეს და კანონი სტრასბურგში გაასაჩივრეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განცხადებით,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება ასოციაციას არ მოუთხოვია.