სამგორის რაიონში, ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, აბაშვილის ქ. N3-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკი 12 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება.
„ვფიქრობთ, აღნიშნული პარკი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მლნ ლარია, პარკის მოწყობის სამუშაოები კი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.