თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოსამართლეების თემატიკაზე საპროტესტო ხასიათის სტენსილების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას და ამაზე ის საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა.
„სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა.
რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველოს სასამართლო სისტემა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ყველაფერი შედარებითია. გვახსოვს, წლების განმავლობაში სასამართლოში რა ხდებოდა, ახლა კი, როგორი წინსვლა გვაქვს. ეს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები ხომ არ არის, ეს არის საერთაშორისო კვლევების შედეგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.