თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა სტუდენტთა სტაჟირების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირების გავლას „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას. „საქართველოს განვითარების ფონდი ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუციაა ქვეყანაში და ამ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა წაადგება როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისე ფონდის საქმიანობას. ვფიქრობ, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება ამ მემორანდუმის ფარგლებში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების შესაძლებლობის მოძიებაში ხელშეწყობა, სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, რაც გულისხმობს ფონდის შესაძლებლობისა და საქმიანობის ფარგლებში, სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის/სტაჟირების გავლის საშუალებას.
“მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ თსუ-სთან თანამშრომლობის მემორანდუმს. უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი თეორიული ცოდნის გამყარებას პრაქტიკული საქმიანობით „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ. ფონდს უნივერსიტეტებთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გააჩნია და მომავალშიც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით”.- განაცხადა “ საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა.
შეთანხმების თანახმად, ფონდში სასწავლო პრაქტიკას წელიწადში არანაკლებ 10 სტუდენტი გაივლის. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე კახა ჭეიშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, სტუდენტები, პროფესორები, ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.