ისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.

ამ ეტაპზე, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელების განახლება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აწყურის ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები ფაქტობრივად, განადგურებული იყო, რაც სავალი ნაწილის დაზიანებას იწვევდა და ავტომობილით გადაადგილება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი მთლიანად იცვლება. პირველ რიგში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, რომელიც წყლისა და წყალარინების სისტემებს სრულად მოაწესრიგებს. ასევე, განახლდება გაზმომარაგების ქსელი. შემდეგ უკვე სამუშაოებში ჩაერთვება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც მოაწყობს სანიაღვრე ქსელს. ასევე, ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშ, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, მოეწყობა ტროტუარი და ტერიტორია ადაპტირდება შშმ პირთათვის. ვფიქრობთ, სამუშაოებს ივლისში დავასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.

ადგილზე თბილისის მერთად ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.