საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა; ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 3 073 219 ლარი.