„თქვენგან წამოსული ახალი ინიციატივები გაზიარებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას“, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, რუსთავში გამართულ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმზე“ დამსწრე ახალგაზრდებს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“  2018 წელს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და წელს უკვე მეოთხედ ტარდება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტები ადგილობრივ დონეზე   ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებენ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება  მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმში, რომლის მსვლელობისას ჩვენ მოვისმინეთ  მონაწილეთა ინიციატივები მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის. ამას გარდა, საუბარი შეეხო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, ახალი იდეებისა და პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების შესაძლებლობებს. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფორუმის ფარგლებში 64-ვე საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა კენჭი უყარეს  რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, რუსთავის მუნიციპალიტეტს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას და ყველა ორგანიზატორს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.