საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიება სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ ორი დღის განმავლობაში, 6-7 ივნისს, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ მიმდინარეობს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, ურბანული განვითარების პერსპექტივებზე და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მნიშვნელობაზე იმსჯელონ.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების უკვე მე-14 ფორუმს მასპინძლობს. LED ფორუმი გვაძლევს კარგ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებზე და საქმიან გარემოში განვავითაროთ თანამშრომლობის ინიციატივები.
მზარდი ეკონომიკის პირობებში ჩვენი მიზანია დავაბალანსოთ კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები იმგვარად, რომ შევქმნათ ცხოვრებისა და საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემო ჩვენს ქალაქში. ჩვენი მიდგომაა, რომ არცერთი სამშენებლო პროექტი არ განხორციელდეს გარემოს დაცვის, ე.წ. „მწვანე“ სტანდარტების, გათვალისწინების გარეშე.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განისაზღვრა თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის, კონცეფცია, რაც გულისხმობს თბილისის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად გადაქცევას. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მზარდი ურბანიზაციის პირობებში თვითმმართველობებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ზრდა. ბოლო წლებში ჩვენ მიერ ინიცირებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები გულისხმობს ისეთ მოწყობას, როდესაც პრიორიტეტი ფეხით მოსიარულეა, იზღუდება კერძო ავტომობილების გამოყენება, იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობა და წილი ქალაქში გადაადგილების საშუალებებს შორის, რაც, თავის მხრივ, ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების და ჰაერის დაბინძურების ხარისხს. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ეკო მეგობრული ტრანსპორტის განვითარება, ამისთვის მხარს ვუჭერთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ქალაქის მდგრად განვითარებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც ისტორიულ არეალებში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-შენარჩუნება, ასევე არაისტორიულ არეალებში „მრავალბინიანი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ განხორციელება უხეში ურბანული ჩარევის გარეშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამოქალაქო ჩართულობაზე, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„თავისუფალი ბაზრის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას იმგვარად, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი ინტერესები. ჩვენი მხრიდან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის და ოპერატიული სერვისების შეთავაზება ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მინდა აღვნიშნო სამოქალაქო ჩართულობის როლი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. აქტიურობისთვის მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელთა ჩართულობითაც მოხერხდა ქალაქისთვის სასიკეთო პროექტების შენარჩუნება და დანერგვა“, - დასძინა გიორგი ტყემალაძემ.
დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ფორუმს საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ფორუმის თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რომლებიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.