თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გმირთა მოედანთან, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართი სადგურების აღებას და სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას შეეხება. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქალაქისთვის ის, რაც დღეს დააანონსა ქალაქის მერმა. დასრულდა მუშაობა იმ კომპანიებთან, რომელთაც ეკუთვნით ბენზინგასამართი სადგურები ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, მსჯელობა და ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ დავაანონსეთ, რომ აუცილებელი იყო ამ კვანძის გაფართოება, რათა სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელებულიყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და მხარს დაუჭერს ამ საკითხს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების გადატანა და იმ არეალის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ტრანსპორტის სამსახური უკვე ამუშავებს მოძრაობის ახალ სქემას აღნიშნული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით“, - დასძინა გიორგი ტყემალაძემ.