ლევილის მამული არ არის გაყინული მუზეუმი, ან გაყინული სივრცე, სადაც სიცოცხლე არ დუღს, პირიქით, უკვე მეორე წელია, ლევილი ქართული კულტურის ნამდვილი ჰაბია, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ლივილიდან ჩართვისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რაც ჩემთვის პირადად ამაღელვებელი იყო, ლევილის მერმა აქ შეკრებილ ქართველებს მიმართა და მათ ევროპული ოჯახის წევრები უწოდა. ეს მოსასმენად საამაყო იყო, რადგან ნამდვილად ლევილის არსებობა ამის დასტურია, ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი და ფესტივალი სწორედ ამას ადასტურებს - ერთი მხრივ, ჩვენი თვითმყოფადი კულტურა და მეორე მხრივ, ყველაფერი ეს, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“, - განაცხადა კალანდიამ.
მისივე თქმით, გახსნის ღონისძიებაზე ასევე ანსამბლმა „ერისიონმა“ ქართული ცეკვები და სიმღერები წარმოადგინა, რითაც ფრანგი მაყურებელი მოხიბლა.
„ლევილის მამული არ არის გაყინული მუზეუმი, ან გაყინული სივრცე, სადაც სიცოცხლე არ დუღს, პირიქით, ლევილი უკვე მეორე წელია, ქართული კულტურის ნამდვილი ჰაბია და აქ მოდიან როგორც ემიგრანტები, ასევე ლევილში მცხოვრებლები“, - განაცხადა კალანდიამ.
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს.