საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან.
მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ბრიტანულმა ორგანიზაციამ Times Higher Education ((THE) საქართველოში აწარმოვა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს მხრიდან არის დიდი მზაობა და შესაძლებლობა საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების შემოსვლის.
მინისტრი ასევე შეხვდა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს, სერ სტივ სმიტს, რომელთანაც ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან ისაუბრა საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების სასწავლო ვიზიტის განხორციელების შესახებ, რათა ბრიტანული მხარე უკეთ გაეცნოს საქართველოს შესაძლებლობებს და შედგეს რეალური თანამშრომლობა ქართულ და ბრიტანულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მინისტრმა ამ კუთხით ბრიტანული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, მათ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის, ვიზიტის განხორციელებისა და ბაზარზე შემოსვლის მზაობა გამოთქვეს.
ოფიციალური მიღების დასასრულს გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი მდივანი და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველი, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში დაპატიჟა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Times Higher Education ((THE)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და, ამ კუთხით, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.