საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 145-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს დედა ენის დღე მიულოცა.
მინისტრი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
გიორგი ამილახვარი: „დღეს აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გავიცანი. მეამაყება, რომ მართლაც ასეთი გამორჩეული ახალგაზრდა თაობა გვყავს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.
ძალიან მინდოდა, რომ 14 აპრილი მოსწავლეებთან ერთად აღმენიშნა და მეთქვა მათთვის ჩემი სათქმელი. ჩვენი ენა მართლაც უნიკალური და გამორჩეულია და ის ქართველების იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის მინდა, გახსოვდეთ, რომ მას განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.
მჯერა, თქვენ, ახალგაზრდები ღირსეულად გააგრძელებთ წინაპრების დანატოვარ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქართული ენის განვითარების საქმეში.‘‘
საუბრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა 145-ე სკოლის გუნდს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.