საპატიმროში შევიტყვე, თურმე [2011 წლის 26 მაისს აქციაზე] გადამიღია ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც შემდეგ სახურავზე აღმოაჩინეს , ამათ მიჰყავდათ ცოცხალი, მე არ ვიცოდი ამის შესახებ, რეპორტაჟს ვაკეთებდით- ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ კომისიაზე განაცხადა.
„დავიწყებ 26 მაისიდან. ამ ფოტოებმა გამოიწვია საკმაოდ დიდი რეზონანსი იმიტომ, რომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო განადგურება საკუთარი ადამიანების. მე საპატიმროში შევიტყვე იმის შესახებ, თურმე მე გადამიღია ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს, რომ ამათ მიჰყავდათ ცოცხალი. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე და რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს და ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდათ. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ, ამის უამრავი მაგალითია. ასავალ-დასავალის ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორები. მეორე დღეს აღლუმი როდესაც ჩატარდა 26 მაისს, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ, ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტში, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განიხილება ე.წ. ფოტოგრაფების საქმე და მიწვეულები არიან ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე, მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით.
წინა ხელისუფლების დროს, სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.