კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. მანვე ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4000 ევრო გამოსძალა. თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა.
პროკურატურის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი 20 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენება და გავრცელება) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.