სამყაროს ერთ უმნიშვნელო წერტილზე მცხოვრები ერთი უმნიშვნელო წერტილი არ ხარ, თუ შეგიძლია ადამიანი გიყვარდეს. სიყვარული ყველასა და ყველაფერს თავის განუმეორებელ მნიშვნელობას ანიჭებს. ბოროტების ძალას მასთან არ მიესვლება და თუ მიაღწევს კიდეც, გარდაუვლად მარცხდება. ასე სწამთ ქრისტიანებს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობარო, ახლა გაიხედე გარეთ, დაინახე, როგორ ანათებს და ათბობს მზე და წარმოიდგინე, რომ ადამიანის გულიც მზეა - სინათლისა და სითბოს გამომცემი.
ისიც დაინახე და იგრძენი, რომ ასე სუსტები კი არა, ძლიერები ფიქრობენ.
შეეხმიანე ახლობელს, ნათესავს, მეგობარს, თუნდაც დიდი ხნის უნახავ ნაცნობს და აგრძნობინე, რამდენად ძვირფასია შენთვის; უთხარი, რომ დღეს თქვენი შეხვედრისთვის გათენდა.
როცა შეხვდებით, კარგი სიტყვები თავად მოგძებნიან. მიეცი სიყვარულს გამარჯვების დრო და სივრცე.
მან იცის, ეს გამარჯვება როგორ მოიხდინოს.
როგორც ტაძარში სანთლიდან სანთელზე, ისე გადადის ღვთაებრივი ცეცხლი გულიდან გულზე.
დაასწარი სხვას ღმერთის დანახვა. მიეცი მას მაგალითი იმისა, როგორ ცდილობ, მთელი ქვეყანა, შენი სამშობლო, შენი ქალაქი და შენი სახლიც უკეთესი გახადო.
აი, ამის დროა, იმიტომ, რომ ყოველთვის ამის დროა. წელს აღდგომა და გიორგობა დაწყვილდნენ.
კაცის გულს ყველაზე უკეთ შეუძლია მათი შეფარება. საათი ჩაირთო - შენი ადამიანი შენ გელოდება.
ერთად და ერთმანეთში უკეთესად დაინახავთ ღმერთს." - წერს გია მურღულია.