დღეს ადამიანს არაფერი აქვს სათქმელი - ის უნდა დუმდეს და ინანიებდეს.
ამის ძალასაც იესო გვაძლევს - ტრაგედიის აღქმის, გაგების, გააზრებისა და განწმენდის ძალას - წერს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში:
"დღეს მაცხოვარს ჯვარზე გააკრავენ.
სამყაროს არ შეუძლია, თავი გაიმართლოს. დაცემის მეტი სიღრმე არ არსებობს - თუ ადამიანს შეუძლია, ღმერთი მოკლას, მაშინ სხვა რაღაა მისგან გასაკვირი ან მოულოდნელი?
იესოს ჯვარცმის ერთადერთი ახსნა თუ "გამართლება" ის არის, რასაც მაცხოვარი ამბობს: "ღმერთო, შეუნდე ამათ, რაკი არ იციან, რას აკეთებენო".
მართლა არ იცოდნენ?
მხოლოდ ცოდნა-არცოდნა არ და ვერ განსაზღვრავს ამ ამბავსა თუ საქციელს.
რწმენის სიმცირეც უნდა ვახსენოთ.
განა პეტრემ, რომელიც მოგვიანებით თავდაყირა გაეკრა ჯვარს მაცხოვრისთვის და მანამდე უდიდესი ღვაწლი დასდო ქრისტიანობას, გაცემის ღამიდან გათენებამდე სამჯერ არ უარყო იესო?
განკაცებული ღმერთი ვერც შეიცნეს და ვერც ირწმუნეს.
ეს აბსოლუტური დაცემა და ღვთისგან ნაბოძები ბუნების სრული დაკარგვით გამოწვეული კატასტროფა იყო.
დღეს ადამიანს არაფერი აქვს სათქმელი - ის უნდა დუმდეს და ინანიებდეს.
ამის ძალასაც იესო გვაძლევს - ტრაგედიის აღქმის, გაგების, გააზრებისა და განწმენდის ძალას.
დაილოცოს მისი სახელი - ამაზე მეტი სიყვარული და შემწყნარებლობა არ არსებობს.
დუმან ადამიანები, დუმს ეკლესია, დუმს ცა.
ამ დუმილში ტანჯვით იბადება აღდგომის შეუზღუდავი კაცობრივი სიხარული.
ეს დუმილი წინ უსწრებს მთელი გულით გაღიმებული ადამიანის დაბადებას.
ეს ხელახალი შობა აღემატება ბიოლოგიურ დაბადებას, რადგან ნამდვილ ადამიანურ ბუნებას - ღვთის ხატებასა და მსგავსებას აღადგენს.
დღეს ერთმანეთსაც მივუტევოთ, რაც ვაწყენინეთ.
ღმერთმა ხომ სიყვარულთან ერთად (რომელიც, სამწუხაროდ, ხანდახან სადღაც ქრება) მიტევებაც გვასწავლა.
ნუ ვიქნებით ცუდი მოსწავლეები - გავიგონოთ და გვახსოვდეს იესოს სიტყვები.
ის ახლა სწორედ ჩვენთვის იტანჯება ჯვარზე."