პასუხისმგებლობა ის არის, რაც კაცის ზნეობრივ სახეს განსაზღვრავს და მას მდგრადობას უნარჩუნებს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„როდესაც ვფიქრობ, ადამიანად ყოფნისთვის რომელია ყველაზე მთავარი სიტყვა, პირველყოვლისა, "პასუხისმგებლობა" მახსენდება - რა აზრი ექნებოდა მის გარეშე სიყვარულს, ღირსებას, თანადგომას, გამარჯვებას?
პასუხისმგებლობა ის არის, რაც კაცის ზნეობრივ სახეს განსაზღვრავს და მას მდგრადობას უნარჩუნებს.
ღირებულებებზე ტყუილად ილაპარაკებს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა არ აქვს.
მისი მფლობელი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სხვისთვისაც ცხოვრობს - მას სრულად დაძლეული აქვს კაცთა მოდგმის წყევლა - ეგოიზმი.
წესიერმა ადამიანმა სიტყვის ფასი უნდა იცოდეს.
თუ პირობას დებ, უნდა შეასრულო კიდეც.
თუ ვინმეს შენი იმედი აქვს, არ უნდა გააწბილო.
სანთელს მხოლოდ ტაძარში კი არა, ადამიანის გულშიც უნდა ანთებდე.
სანდოობა კაცის სინათლეა.
ამ სინათლეს ღმერთიც ხედავს, სამყაროც და სხვა ადამიანიც.
ყოველი გათენებისას იფიქრე ამაზე და ღამე სულის მშვიდობის სიტყვებს გეტყვის",- წერს გია მურღულია.