არსებობს ორგვარი ფიქრი და ქცევა:
1. გადავარჩინო საკუთარი თავი და ჩემიანები;
2. გადავარჩინო ჩემი ქვეყანა და სახელმწიფო.
კარგი ამბავი ის არის, როდესაც ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში  წერს. 

"გუშინ ვკითხულობდი აქ: 
მე კი წავედი საზღვარგარეთ და თავს ვუშველე, თქვენ, ვინც საქართველოში დარჩით, ძალიან მებრალებითო.
საკუთარ გზას ყველა თავად ირჩევს და ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს.


შენ თუ წახვედი, ღმერთმა გაგიმარჯოს და სიკეთე მოგცეს, მე კი საქართველოს ვირჩევ და ვეცდები, ჩემი ბედნიერება აქ ვიპოვო. ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი ან "შესაბრალებელი". 
ჩვენ საკუთარი სამშობლო (ეს ცნება არავის გაუუქმებია!) გვაქვს ასაშენებელი და მტკიცედ ფეხზე დასაყენებელი - მისთვის პიროვნულ კეთილდღეობაზე არანაკლებად უნდა  გავისარჯოთ.

ვინმემ შეიძლება თქვას: ყველამ საკუთარ თავზე იზრუნოს და ქვეყანა თუ სახელმწიფოც გადარჩებაო.
თუ ეს აქ, საქართველოში, იქცევა პრინციპად და აღსრულდება, შეიძლება ერთ შესაძლო გზადაც ივარგოს, თუმცა მე უფრო სხვა გზის მომხრე ვარ - სამშობლოზე დაფიქრებული კაცები და ქალები რომ ირჩევენ - იმის.
რა მარტივია ამგვარი განწყობის გაგება (ჩვენი დიდი ლიდერები და მოღვაწეები ამის შესახებ საუკუნეებია გვესაუბრებიან და შესაფერის მაგალითებსაც გვიჩვენებენ) და მუდმივად რატომ ძნელდება ასეთი ფიქრისა და საქმის აღსრულება ჩვენში?

ვინც აქ ვრჩებით, ამ მნიშვნელოვან კითხვას ცალ-ცალკე და ერთადაც უნდა ვუპასუხოთ.
ჩვენი მოსაწონი სამშობლო ჩვენვე უნდა შევქმნათ - სხვათა იმედი გვქონდეს, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია." - წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.