მობილური ტელეფონი გაკვეთილზე (თუ სწავლების მიზნით მოთხოვნილი არ არის) ისევე ზედმეტი და დამაზიანებელია, როგორც ურო მზარეულის მაგიდაზე. - ამის შესახებ ფილოლოგი, ჰუმანიტარული აკადემიის ხელმძღვანელი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ის მოსწავლის ყურადღებასა და განწყობას სრულად აშორებს სასწავლო და აღმზრდელობით პროცესს.
როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის (ან სხვა ნებისმიერ თემას ეხება), მოსწავლე კი ამ დროს მესიჯებს აგზავნის და იღებს ანუ გონებრივად და ემოციურად სხვაგან იმყოფება, ეს თავად სკოლის იდეას ამახინჯებს - ამ დროს პედაგოგისა და ბავშვის კომუნიკაციის ხარისხი ძალიან დაბალია ან საერთოდ არ არსებობს.
არის ქვეყნები, რომლებშიც მობილურ ტელეფონებს ბავშვები სკოლებში მოსვლისთანავე აბარებენ ადმინისტრაციას, დაცვას ან მასწავლებელს.
არის ისეთი ქვეყნები, რომლებშიც მათი მიტანა სასწავლო დაწესებულებაში საერთოდ აკრძალულია.
საქართველოში, ამ მხრივ (ისევე, როგორც სხვა სფეროებში), მოქმედებს პრინციპი: "რა მოხდა მერე".
საქმე იქამდე მივიდა, რომ გაკვეთილზე მასწავლებლის შენიშვნას - ტელეფონით ნუ საუბრობ ან მესიჯებს ნუ აგზავნიო - მოსწავლეები შეურაცხყოფად და ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.
გარდა უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევებისა, ეს, რა თქმა უნდა, რაციონალიზმისა და უბრალო ეთიკის ფარგლებს სცდება.
ბევრ სკოლას შინაგანაწესში უწერია, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე ბავშვისთვის (მასწავლებელსაც იგივე ეხება) აკრძალულია, თუმცა ამ წესს, პრაქტიკულად, არავინ იცავს.
ამდენი იმიტომ დავწერე, რომ ვთქვა:
სკოლის აკადემიურ წარმატებას (ისევე, როგორც მოსწავლისა და მასწავლებლის გონივრულ და ემოციურ კომუნიკაციას) მობილური ტელეფონი ხელს უშლის და მისი გამოყენება გაკვეთილზე უპირობოდ უნდა შეიზღუდოს.
მოვისმენდი საწინააღმდეგო არგუმენტებს, მაგრამ, მგონი, ისინი საერთოდ არ არსებობს." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში"