ვაკის წმინდა სამების დეკანოზი შალვა კეკელია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების წინა დღეებთან არის დაკავშირებული და მისივე თქმით, საჯაროდ არასდროს მოუყოლია:

"დავით როსტომაშვილის შვილისთვის უნდა დამეწერა ჯვარი. იერუსალიმში იწერდნენ ჯვარს, როცა მთხოვეს, ვუთხარი, არ ვიცი, პატრიარქს ვკითხავ, თუ პატრიარქი დამთანხმდა, წამოვალ მეთქი. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჰქონდათ ჯვრისწერა. მომცა ნებართვა, - წადიო. მაშინ სავიზო რეჟიმი იყო ისრაელთან, დრო, საათი, ყველაფერი გამოყოფილია... ვიზაც ავიღე, ორ დღეა დარჩენილი რომ იქ მსახურება უნდა ჩავატარო და უწმინდესი მეუბნება" "არა, არ წახვალო". "თქვენო უწმინდესობავ, იქ ყველაფერი ჩაიშლება, ჩემზეა დამოკიდებული ჯვრისწერა, ხალხი გველოდება, უნდა წავიდე მეთქი. "- შენ იქ არ წახვალ!" - მეუბნება". დათომ თვითონაც დაურეკა, მის მეგობრებს, ეპისკოპოსებს, ისინიც მოვიდნენ და ისინიც ძალიან ცივი უარით გაუშვა. გამოვედი და მკითხეს, ასეთი რა დააშავე? ძალიან დავიძაბეთ, ყველა შენ რომ გიყურებს, რატომ არ გიშვებს, რა მოხდა, რა დააშავე ასეთი... ღამის ლოცვა რომ დამთავრდა, შემოდი ჩემთან კელიაშიო და შევედი. უწმინდესი მეუბნება, ძალიან მძიმე დღეები გველისო. მაშინ არჩევნები დგებოდა 2012 წლის 1ოქტომბრის. შენ აქ ჩვენთან ერთად უნდა იყოვო. ახლა წადი, ხვალ რომ გათენდება, წახვალ ქუთაისშიო, სადაც იყო დიდი ხატი, შიგ ჩაბრძანებული წმინდა ნაწილები და ის ჩამოაბრძანე ქუთაისიდანო. პირადად გაიაშვილთან მიხვალო, ეტყვი რომ უნდა გამოყოს თვითმფრინავიო და საქართველოს წრეზე უნდა შემოუაროთო. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთო. სიონიდან ყველას გაგვატანა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა, წმინდა ნინოს ჯვარი, მადლის ქვა დავით გარეჯელის, მაცხოვრის ლურსმანი, წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი, წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი. რაც კი სიწმინდეები გვქონდა, მისმა უწმინდესობამ ამ თვითმფრინავში აგვატანინა და ამ ყველაფერს შენ უნდა უხელმძღვანელოვო. ტელეფონზე არ მარეკინებდა. გაიაშვილთან მანქანით მიდი და უთხარი, რომ თვითმფრინავი გამოყოს ამისთვის, რომ შემოვატაროთ ქვეყანასო...

მახსოვს, აფრენიდან, ზუსტად ნახევარ საათში დავფრინდით. მახსოვს, აფხაზეთს რომ გავუარეთ... უწმინდესმა გვთოხვა, დაბალზე იფრინოსო. თვითმფრინავის საჭესთან თამაზ გაიაშვილი დაჯდა და თავად გვატარა - საქართველოს საზღვარს შემოვუარეთ თავიდან ბოლომდე. ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადეთ. რომ მოვედით საპატრიაქროში, შევედით კელიაში, ასე ამბობს: "ყველაფერი დამთავრდა, ერთი ადამიანიც აღარ დაიღუპება. ისე დასრულდება და ისე გადაბარდება ყველაფერი, რომ ერთი ადამიანიც არ დაიღუპება და ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცებოდაო" - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.