არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს - ამას ადამიანს ისევე არ ეკითხებიან, როგორც დაბადებას.
თუმცა, დაბადების დღე მაინც ვიცით.
დაბადება პასუხისმგებლობაა - დაუბადებლები მას ვერ გრძნობენ.
ეს პასუხისმგებლობა ყოველდღიურად ახლდება. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. 

"2023 წლის 11 აგვისტო გათენდა - თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ მისნაირი ჩვენ არასდროს გვინახავს.
დრო თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ ყოველი დღე კი არა, თითოეული წამიც კი საკუთარი არსებით ცოცხლობს.
სიბრძნეს დროის გააზრება ბადებს.
დასაბამიდან არსებობს ფიქრის დროსთან შესატყვისობის პრინციპი.

89-ე ფსალმუნში წერია:
"ჩ ვ ე ნ ი  დ ღ ე ე ბ ი ს  დ ა თ ვ ლ ა  გ ვ ა ს წ ა ვ ლ ე, რ ა თ ა  შ ე ვ ი ძ ი ნ ო თ  ს ი ბ რ ძ ნ ე  გ უ ლ ი ს ა." 
დღეები უნდა აღრიცხოს ადამიანმა. თუმცა, უბრალოდ, კი არ უნდა "დათვალოს", არამედ მათი ჩავლისას გზა დაინახოს, რომელიც ამ დროში გაიარა.
ამ გზას, ისევე როგორც დროს, მიზანი აქვს და ეს მიზანი ნამდვილ ადამიანად (ღვთის ხატსა და მსგავსს რომ იტყვიან) ყოფნაა.
არის სიბრძნე გონებისა და არის სიბრძნე გულისა, რომელიც ამ ფსალმუნშია ნახსენები.
"გონიერი გული" (რაც იდეალია) სოლომონ ბრძენმა ახსენა და, ქართული ფიქრისთვის ერთ მშვენიერ დღეს, რუსთველმაც გაიმეორა.
დროის აღქმა, გააზრება და შეგრძნება ბადებს გონიერ გულს.


უამისოდ პასუხს ვერ გავცემთ იმ კითხვას, რომელიც წინარე, 88-ე ფსალმუნმა შემოგვინახა:
"ვინ არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან?"
დილა მშვიდობის, მეგობრებო. 
უკვდავი ტექსტები იმისთვის არსებობენ, რომ ფიქრის გემო არ დავივიწყოთ." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".