ასე, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ დამაკავეს დღეს, კეკელიძის ქუჩაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ვიდრე შევძელი, ტელეფონით გადავიღე. 2-3 წუთის მისული ვიყავი აქციის გასაშუქებლად.
რა ბოღმა აქვთ, აღარ მოვყვები. მანქანაში რომ შემაგდეს, ხუთიდან სამი პოლიციელი არაადეკვატური გახდა, როცა კატეგორიულად მოვითხოვე დაკავების მიზეზის, საფუძვლების განმარტება და ადვოკატთან დარეკვა. უკანა სავარძლიდან ერთი გადმოხტა, მეორე გვერდით მყავდა და მახრჩობდნენ. - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სხვა რაფერი ჰქვია მათ არაადამიანურ ქმედებას. სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დამჭირდა და სასწრაფო არ გამოიძახეს. 40 წუთი პოლიციის მანქანაში ვყავდი დატყვევებული. მერე ბრძანება მიიღეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს. პირველ ეტაპზე იქაც დამამცირეს პოლიციის დეტექტივებმა - პროვოკატორი, მოაშორეთ, ინტრიგანი - ეს და მსგავსი სიტყვები არ დაიშურეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოიძახეს ექიმი, უკვე სამმართველოში, რომელმაც დახმარება გამიწია.
ამ პოლიციას და სისტემას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან და ადამიანის უფლებებთან!
ხანგრძლივი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, ხელწერილით გამათავისუფლეს. არანაირ დარღვევას არ ვაღიარებ, არ ჩამიდენია და იმიტომ. რაც არ უნდა დამაკისროს სასამართლომ, ამ საქმეს ბოლომდე გავყვები!
მადლობა კოლეგებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს!" - წერს გელა მთივლიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 18 პირი, სისხლის სამართლის კოდექსით კი 2 პირი დააკავა