„ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს – არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარია რეალურად არსებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამკურნალო საშუალებაზე“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს და მაგალითად ევროპული ქვეყნების გამოცდილება მოიყვანა.
„შესწავლისა და შეფასების პროცესი სერიოზული საკითხია და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბუნებრივია, ამ საკითხის განხილვისთვის არ კმარა, მაგალითად, რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაისურზე წარწერის გაკეთება.
წარმატებულ შემთხვევებს რაც შეეხება, ჩვენ, მათ შორის, პარლამენტში კონკრეტულად წყაროებზე დაყრდნობით წარმოვადგინეთ ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევებისა და რისკების შესახებ.
ანალოგიური მდგომარეობისა და დილემების წინაშე დგას ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, შვედეთი. გვაქვს კომუნიკაცია იქ არსებულ საუნივერსიტეტო ბაზებთან.
დღეს შვედეთში არსებული ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ მედიკამენტს, რომელიც ჩვენი, ქართული სისტემითაც არის გათვალისწინებული. არაფერზე მეტზე გადაწყვეტილება მიღებული არ გახლავთ და, რა თქმა უნდა, შვედეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, რომ ან თანხა ენანება, ან ნაკლებად სოციალურია, ან ნაკლებად ემპათიური.
შვედეთმაც იცის, რა თქმა უნდა, მონაყოლი და ნაამბობი ისტორიები წარმატებული მკურნალობის შესახებ, მაგრამ ამ წარმატებაში ესეც გავითვალისწინოთ, რომ ჯერ არ არის დადასტურებული, მედიკამენტების წვლილია ამაში მონაწილე, რეაბილიტაციის სერვისები, მულტისექტორული ჯგუფის ჩართულობა თუ სხვა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არ არის პრიმიტიული და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ამას აუცილებლად სჭირდება სიღრმისეულად კარგად გაანალიზება, თორემ, რასაკვირველია, ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები“ - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და მზად არიან - ნებისმიერ ადამიანს საკითხზე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.









