თურქული მედიის ცნობით, ასეთი განცხადება პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„როგორც გუშინ, დღესაც კითხვა არ არის, სად არის ანკარა. კითხვა არის, თუ სად სურს ბრიუსელს ყოფნა მომავლის სამყაროში, სადაც საკუთარ თავს ხედავს. ახლა უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, არ იქნება გლობალური მოთამაშე ან მიზიდულობის ცენტრი. ჩვენ არ ვართ ის  ქვეყანა, რომლის არსებობაც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაახსენდებათ, რომლის კარზეც საჭიროების შემთხვევაში დააკაკუნებენ და რომელსაც სხვა დროს გვერდზე გადასწევენ. ჩვენ არასდროს ვიქნებით ასეთები.

ევროკავშირმა სრულად უნდა გააცნობიეროს თურქეთის კონსტრუქციული მიდგომის ღირებულება, არ უნდა გამოიყენოს იგი ბოროტად და თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მას. არ უნდა იქნეს დავიწყებული, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და მსოფლიო არ შემოიფარგლება დასავლეთის სახელმწიფოების გავლენის სფეროთი, როგორც ეს ოდესღაც იყო. შენდება ახალი სამყარო, სადაც რეგიონული თანამშრომლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ახალი მოთამაშეები ჩნდებიან და გლობალური სისტემა სწრაფად ვითარდება მრავალპოლარობისკენ და თურქეთი იმ უძლიერეს ქვეყნებს შორისაა, რომელიც მზადაა გახდეს ამ ახალი სისტემის ერთ-ერთი პოლუსი.

მინდა ნათლად განვაცხადო: დღეს ევროპაში უფრო მეტია თურქეთის საჭიროება, ვიდრე თურქეთში ევროპის. ხვალ ეს საჭიროება მხოლოდ გაიზრდება. ევროპა გზაჯვარედინზეა. ან ისინი თურქეთის მზარდ სიძლიერესა და გლობალურ გავლენაში კავშირისთვის დღევანდელი სირთულეების დაძლევის შესაძლებლობას დაინახავენ, ან დისკრიმინაციულ რიტორიკას ევროპის მომავლის დაჩრდილვის საშუალებას მისცემენ. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები გვერდზე გადადებენ თავიანთ პოლიტიკურ და ისტორიულ ცრურწმენებს და ფოკუსირდებიან თურქეთთან გულწრფელი, ნამდვილი და სამართლიანი ურთიერთობების განვითარებაზე.

ასეთ ურთიერთობაში გამარჯვებული იქნება ევროპის კონტინენტი, რომლის განუყოფელი ნაწილიც თურქეთია. ჩვენი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ გზით სიარულს მოთმინებით, ღირსეულად, მაღლა აწეული თავით და სუფთა სინდისით გავაგრძელებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეჯ თაიფ ერდოღანმა.