გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტმა საქართველოს ზედაპირული წყლების იქთიოლოგიური მონიტორინგი განახორციელა.
საპილოტე არეალად შერჩეული იქნა ჭოროხი–აჭარისწყლის სააუზო უბანი, ხოლო მონიტორინგის სადგურები, მდინარეთა სხვადასხვა მონაკვეთზე, ჰაბიტატების თავისებურებების გათვალისწინებით იქნა განსაზღვრული.
საველე სამუშაოების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, თევზჭერა განხორციელდა, რაც ითვალისწინებს საკვლევი მასალის სახეობრივი იდენტიფიკაციისა და საჭირო მაჩვენებლების აღების შემდეგ თევზის ცოცხალ მდგომარეობაში ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას. მასალების ანალიზი და მონაცემთა დამუშავება განხორციელდება ეტაპობრივად, რაც მოიცავს ხანგრძლივ სამეცნიერო-კვლევით პროცესს.
კვლევების მიზანს წყლის რესურსების შესახებ საქართველოს კანონის და წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესაბამისად მდინარეთა ეკოლოგიური სტატუსების შეფასება წარმოადგენს. თევზების სახეობრივი მრავალფეროვნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოლოგიური ხარისხის ელემენტს (BQE) წარმოადგენს, რომელიც ასახავს წყლის ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობას და ცვლილებების დინამიკას, ხოლო მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია მდინარეთა ეკოლოგიური სტატუსის შეფასებისა და გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.











