4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში იმართება, რომელის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
პრესკონფერეციაზე მოწვეულები არიან პაციენტები, მედიის, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები. შეხვედრა კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით იმართება.
დაგეგმილია საქართველოში კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება. იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის მქონე ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა
შეგახსენებთ, რომ პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის! კერძოდ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ლიმიტი ძალიან ბევრი სიმსივნის სამკურნალოდ არასაკმარისია, აუცილებელია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსება პერსონალიზებული მიდგომით, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე და ასევე რადგან კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვისაც, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომის უთანასწორობას. პეტიცია დასრულდა, რომელსაც მხარი 6000-მა ხელმომწერმა დაუჭირა: https://bit.ly/3hK8qgW. ასევე, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის მხარდასაჭერად, ცნობილი სახეების, ექიმების, პაციენტებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე შედგება.
4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისთვის. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ კიბოს მართვის მიმართულებით, მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას. საქართველოში მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე არათანაბარი და არასრულფასოვანი მკურნალობა რჩება.
ინფორმაცია დაავადების შესახებ
არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის, კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე, თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე.
მსოფლიო მონაცემებით კიბოს სიკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.