სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 149 226 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ რეაბილიტირებულა.  მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე მოეწყო, ხოლო გრუნტის დამჭერი კედელი - 8 მისამართზე.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონს 58 ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, მოეწყო 12 სპორტული მოედანი, მათ შორის აფრიკის დასახლებაში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი. ასევე, ფიტნეს ზონები და საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე მოეწყო.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 215 პროექტი შესრულდა. მათ შორის 120 კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა,  მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე მოეწყო. რეაბილიტირდა და განახლდა 38 ლიფტი. 117 მისამართზე კი ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო. 

ასევე, მიმდინარე წელს გამგეობამ 10 კულტურული და 8 სპორტული   ღონისძიება გამართა.

ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 46 659 945 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.