წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ, მეშვიდე, მეათე კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სახელმძღვანელოები აღარ იქნება სქელტანიანი.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მნიშვნელოვანი და საჭირო შინაარსით დავტვირთოთ ნებისმიერი საფეხური. პირველი კლასიდან დავიწყეთ სახელმძღვანელოების ამოცვლა, დამატებით სასწავლო რესურსების განვითარება. წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ, მეშვიდე, მეათე კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. ამასთანავე, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, უარს ვამბობთ სქელტანიან სახელმძღვანელოებზე. შემოგვაქვს ახალი პრინციპი, გადავდივართ სემესტრულ სახელმძღვანელოებზე. ზოგი სახელმძღვანელო სამ და ოთხ ნაწილად დაიბეჭდება, რათა მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ. ამ კუთხითაც ვზრუნავთ და ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.