გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი - 3 111 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 1465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.  აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო.

2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 706,  წიაღის უკანონო მოპოვების - 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 2621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1867 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1648 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1053 - მცხეთა-მთიანეთში, 883 - შიდა ქართლში, 836 - ქვემო ქართლში, 786 კი - სამცხე-ჯავახეთში. 65 სამართალდარღვევა დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 833 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.