2 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია  წმიდა ილია წინასწარმეტყველის თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წინასწარმეტყველი ილია (ელია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი – ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება – თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი – მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ახვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.
   
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბის ზეობისას მოუწოდა.
   
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.