„ძალიან სამწუხაროა, რომ არის მცდელობა, მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რაც მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე. - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ქადაგიძემ პრემიერმინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ. ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი იმაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ. მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, სადაც ერთ-ერთი გახლავთ სასამართლო სისტემა, ამის მიღმაც კი, ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არაერთ მეგობარ და მეზობელ ქვეყანას. შესაბამისად, ჩემთვის ჩნდება მძიმე განცდები, რომ ეს ინფორმაცია არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან გზაზე. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, აქედან გამომდინარე ვიტოვებ იმედს, რომ შესაბამისი უწყებებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება“,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ