საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე დ.კ. და გ. ო.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინსწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.
2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ-ს და გ.ო.-ს მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის შემდგომ დ.კ. და გ.ო. სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2025 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, დ.კ-ს და გ.ო.-სთან შეხვედრისას, დამატებით გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.
ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8 000 აშშ დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გვაცნობოთ დაუყოვნებლივ, განსაკუთრებით იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც უკანონო დაპირებები ხორციელდება მაღალი თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მოშველიებით“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.