საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია "პირველის" წარმომადგენელი იყო, დავით ფაცაციას სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

"2023 წლის 11 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, გია ბერაიამ, მერაბ ლომიძემ და გელა ქირიამ (თავმჯდომარე) არ დააკმაყოფილეს შპს „ტელეკომპანია პირველის“ სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებას, რითაც სასამართლოს ნაწილობრივ დააკმაყოფილა დავით ფაცაციას სარჩელი ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ და მოპასუხეს გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც  დააკისრა. 

პირველ ინსტანციაში წარმოდგენილ სარჩელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, და ამავდროულად, ირაკლი კობახიძის სიძე, სადავოდ ხდიდა მედიაში გაჟღერებულ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს. გაკეთებული განცხადებების თანახმად, არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე, დავით ფაცაციამდე მიდის. 

ტელეკომპანიის წარმომადგენლები, ორივე ინსტანციაში უთითებდნენ, რომ გაკეთებული განცხადებები იყო შეფასებები, რომელიც ეყრდნობოდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, ხოლო, დავით ფაცაცია მოხსენიებული იყო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელსაც აკისრია ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს. 

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ მოსარჩელის რეალური მიზანი სასარჩელო მექანიზმის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენება იყო, რაზეც მიუთითებდა მის მიერ პირველ ინსტანციაში გაკეთებული განცხადებები. კერძოდ, მაშინ, როდესაც მინისტრს კითხვა დაესვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა 1 ლარიდან 30 000 ლარამდე, მან ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები  გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.

ამასთან, აპელანტები სასამართლოში მიუთითებდნენ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული ოდენობის არაპროპორციულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანისთვის მოთხოვნილი თანხის სრულად გადახდა არ დააკისრა ტელეკომპანიას, მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. 

მიუხედავად ამისა, არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, ასევე მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის რეალური მიზანი სასარჩელო მექანიზმის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. 

საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა  სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მსგავსი ტენდენცია არის სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის. " - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) გავრცელებულ ინფორმაციაში.