ზურაბ გირჩის ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიზანმიმართულად არ დაემორჩილა კანონს, რაც იყო მისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი.

"ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პირველ რიგში, შეეხებოდა მტკიცებულებათა დაშვება-არდაშვების საკითხს, შემდეგ განვიხილეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საფუძველი, რომ მის მიმართ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება, რადგან მან უგულებელყო სასამართლოს განჩინება, არ შეასრულა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, არ გადაიხადა ის, რაც სასამართლომ დააკისრა - გირაოს ოდენობით განსაზღვრული თანხა, არც უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მისთვის არაფერს წარმოადგენს კანონი და მიზანმიმართულად არ ასრულებს სასამართლოს განჩინებას (რასაც საჯაროდაც აცხადებს), ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით.

რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, ის საკმაოდ დაძაბული იყო, თუმცა ეს ყოველივე მომდინარეობდა დაცვის მხარის მხრიდან, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე გაეჭიანურებინა აღნიშნული სასამართლო პროცესები," - აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ 20 000 ლარიანი გირაო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეუფარდეს, გირაოს გადახდის ვადა კი დღეს ამოიწურა.