სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.
სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი მაღალი სტანდარტით წარმართა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნება საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ სანდო და მყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.
საზოგადოებას შევახსენებთ, მომჩივანი მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მსჯავრდადების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ, მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს. მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა). ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდადების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს - მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
ევროპულმა სასამართლომ შეუძლებლადაც კი მიიჩნია ამ საკითხების ეჭვქვეშ დაყენება, ნებისმიერი საფუძვლით.
ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდადების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები.
ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოების პოზიციას, რომ ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო. ასევე, შიდა სასამართლოების სამართლებრივი შეფასება მის მიერ შეწყალების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თანმიმდევრული და გონივრული.
ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე და საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.
პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.
სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, ასევე სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.
წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის - დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელს ზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი.
ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი.
მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“) იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდადებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდადებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზევე მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის, „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.