ღვინის კომპანიისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40 000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ასევე, ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი
ღვინოებიც.

„მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ექვემდებარება ყველა კატეგორიის ღვინო გარდა სახლის ღვინისა, რომელშიც გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა 40 მგ/ლ-ს, ხოლო ერთი ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა 3 000-ს არ აღემატება. აღნიშნული ღვინის კატეგორია, მისი შინაარსით, გულისხმობს მცირე ზომის მარანში წარმოებულ ღვინოს. მცირე ზომის მარანში მოიაზრებოდა მეწარმე, რომელსაც ტრადიციულად აქვს საოჯახო მარანი და აწარმოებს დამახასიათებელ, განსხვავებულ ღვინოს. თუმცა, ვინაიდან მცირე ზომის მარნის ცნებამ და ჭარბმა წარმადობამ ფაქტობრივად მისივე მნიშვნელობა დაკარგა, დგება საჭიროება ამ ტერმინში ცვლილების განხორციელების და მცირე ზომის მარანში წარმოებული ღვინის წარმადობის ოდენობის შემცირების.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ღვინო ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით, გემოვნური თვისებებით საერთო ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის რეპუტაციაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ საკითხის რეგულირებისათვის მნიშვნელოვანია სახლის ღვინის ნაცვლად ახალი კატეგორიის – ბუნებრივი ღვინის დამატება, რომელზეც არ გავრცელდება სავალდებულო ორგანოლეპტიკური შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოებულია მცირე ზომის მარანში და ამავდროულად, აღნიშნული ღვინის ეტიკეტზე განთავსდება ბუნებრივი ღვინისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნიშანი, რაც მომხმარებლის წინასწარ ინფორმირებას უზრუნველყოფს თავად პროდუქტის შესახებ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხისა და რეპუტაციის შენარჩუნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და შესაბამისად, მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება, ყველა კატეგორიის ღვინო (როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი) დაექვემდებაროს ორგანოლეპტიკურ შემოწმებას“, – ნათქვამია პროექტში.

ინიციატივის მიხედვით, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“.