ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.
მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ ტყუილია, რაც დაკავების ოქმში წერია, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის.
დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.
საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.