2019 წლის 20-21 ივნისს ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც მაკო გომურმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო - თვალი დაკარგა.
მაკო გომურმა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სადაც სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ია
ა. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების დანართი -„შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია.“
1. დავის საგნის იდენტიფიცირება
პირველ რიგში, საჭიროდ ვთვლით იმის განმარტებას, რომ დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი წესის დაუცველად ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენებას, როგორიცაა არალეტალური იარაღი, არალეტალური ჭურვი. სადავო ნორმაში ნახსენები სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება არ წარმოადგენს დავის საგანს. დავის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხები:
1. სადავო ნორმა ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის არალეტალური ჭურვის გამოყენებას. სადავო ნორმა არ განსხვავებს და არ ახდენს კლასიფიცირებას არალეტალური ჭურვის სხვადასხვა სახეობას შორის. მაგალითად, სადავო ნორმა არ კრძალავს ისეთი არალეტალური ჭურვის გამოყენებას, როგორიცაა რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ჭურვი.
2. სადავო ნორმა ითვალისწინებს ისეთი არალეტალური იარაღის გამოყენებას, რომელიც ითვალისწინებს ერთდროულად, რამდენიმე ჭურვის გასროლის შესაძლებლობას, როდესაც ერთი გასროლით ერთი პირის მიმართულებით რამდენიმე რეზინის ბურთულა ცვივა.
3. სადავო ნორმა ითვალისწინებს ერთი ჭურვის რიკოშეტის ეფექტით გამოყენების შესაძლებლობას, ანუ სამიზნისათვის ტყვიის არაპირდაპირი სროლის შესაძლებლობას, როდესაც ჭურვი ჯერ მყარ ზედაპირს ხვდება, სადაც ის იფანტება და საფანტი საბოლოოდ აღწევს სამიზნემდე. ამგვარი მეთოდით ტყვიის სროლა უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე მაშინ ერთი ჭურვი უშუალოდ ადრესატს რომ ხვდებოდეს.
4. სადავო ნორმა ითვალისწინებს ჭურვის გამოყენებას ადამიანის ჯგუფის მიმართ და არა სამიზნედ ერთი კონკრეტული პირის არჩევას, რომელიც სჩადის ძალადობრივ ქმედებას სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა პირების მიმართ
5. მართალია, აკრძალულია არალეტალური ჭურვის სროლა ადამიანის თავის მიმართულებით, სადავო ნორმა არ აკისრებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს არალეტალური ჭურვი შემაღლებული ადგილიდან ან დრონის მეშვეობით. ამ გზით ჭურვის გამოყენება ზრდის თავის დაზიანების საფრთხეს.
6. სადავო ნორმა, კერძოდ, კი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ისე რომ არაფერს არ ამბობს იმაზე, რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხით. არალეტალურ ჭურვს შეუძლია სამუდამოდ დააკარგვინოს ადამიანს მხედველობა. სხვა სპეციალური საშუალებებსაც გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზიანების რისკები, თუმცა წიწაკის გაზის და აკუსტიკური საშუალებით მიყენებული დაზიანების ხარისხი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეზინის ტყვიით გამოწვეული დაზიანება. სადავო ნორმა არაფერს ამბობს რა თანამიმდევრობით უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი პოლიციას ანიჭებს იმის უფლებას, რომ მაგალითად, წიწაკის გაზი და აკუსტიკური საშუალება რეზინის ტყვიაზე გვიან გამოიყენოს. ამგვარად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების გამოყენება წინ არ უძღვის არალეტალური ჭურვის გამოყენებას. სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, არალეტალური ჭურვი მაშინ გამოიყენოს, როდესაც ძალადობის აღსაკვეთად მანამდე უშედეგოდ იქნა გამოყენებული სხვა სპეციალური საშუალებები ან ამ საშუალებების გამოყენება თავიდანვე უვარგისი იქნებოდა ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. ამასთან სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, რომ შეწყვიტოს რეზინის ტყვიების გამოყენება, როცა არეულობა იმგვარ კონდიციამდე მივიდა, რომ მასების მართვა ეფექტიანად არის შესაძლებელი ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებებით. მოკლედ, ამ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენება არ არის ultima ratio საშუალება.
7. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების ნორმატიულ შინაარსს, ამ ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას კონსტიტუციურად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამგვარი ჭურვისათვის დადგენილი იყოს სროლის არა 20 მეტრიანი მინიმალური მანძილი, არამედ უფრო მეტი - სამიზნიდან მინიმუმ 50 მეტრიანი დისტანცია. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიისაგან განსხვავებით, სხვა არალეტალურ ჭურვებთან მიმართებაში 20 მეტრიანი მანძილი კონსტიტუციურია და, შესაბამისად, ამ სარჩელით არ არის სადავო.
8. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენებას იმისათვის, რომ ადამიანმა დატოვოს კონკრეტული ტერიტორია ან სატრანსპორტო საშუალება. რეზინის ტყვიის გამოყენება უნდა ხდებოდეს, როცა პირი ფიზიკურად ძალადობს სხვაზე, როცა ადამიანი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია პირის მიმართ არალეტალური ჭურვის გამოყენება. მას შემდეგ, რაც აღკვეთილი იქნება სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ქმედება, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ნაკლები ზიანის შემცველი საშუალებები. როდესაც ადამიანს უკავია კონკრეტული ტერიტორია, ისე რომ არ არის შეიარღებული და არავის სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს, მის განსადევნად საკმარის იქნება წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ამ შემთხვევაში რეზინის ტყვიის გამოყენება გაუმართლებელია, ვინაიდან არააუცილებელ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. როცა ადამიანი სატრანსპორტო საშუალებაში უკანონოდ იმყოფება, ისე რომ საფრთხეს არ უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება და ფიზიკური ორთაბრძოლის საშუალებები, რათა ადამიანს დატოვებინოს სხვისი ავტომობილი. რეზინის ტყვიის მოცემულ შემთხვევაში გამოყენება არაპროპორციული საშუალებაა.
9. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენებას მაშინაც, როცა დასაკავებელი პირის ქმედებით არავითარი საფრთხე არ ექმნება არც პოლიციის, არც გარეშე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობას.
ზემოთ ხსენებული გარანტიების არ არსებობის პირობებში, არალეტალური ჭურვის გამოყენება იწვევს არააუცილებელ ფიზიკურ და სულიერ ზიანს, რაც არ აღემატება იმ სიკეთეს, რის დასაცავადაც ამ საშუალების გამოყენება ხდება, ამის გამო, აღწევს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სიმკაცრის ზღვარს. შესაბამისად, სადავო ნორმები, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით, შემოწმებული უნდა იქნეს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში.
დასკვნა და მოთხოვნა
ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ არც „პოლიციის შესახებ“ კანონით და არც შინაგან საქმეთა მინისტრის 1002-ე ბრძანებით არ არის გათვალისწინებული ისეთი გარანტიები როგორიცაა რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვიის გამოყენების, ავტომატური ჯერის, ერთი გასროლით რამდენიმე ჭურვის გაშვების, რიკოშეტის ეფექტის, შემაღლებული ადგილიდან ან დრონის მეშვეობით ნებისმიერი ნაკლებად ლეტალური ჭურვის სროლის აკრძალვა; კანონმდებლობა არ ავალდებულებს პოლიციელს, ნაკლებად ლეტალური ჭურვი დაუმიზნოს ერთ პირს, რომელიც უშუალოდ ჩართულია ძალადობრივ ქმედებაში და არა კონკრეტულ ადგილას თავმოყრილ მთელს ჯგუფს; ასევე იმ პირობებში, როცა კანონმდებლობა ცალსახად არ მიუთითებს იმას, რომ ნაკლებად ლეტალური ჭურვის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი საშუალება, როცა სხვა სპეციალური საშუალებებით შეუძლებელია ძალადობის აღკვეთა; როცა ადამიანის დაკავებისას, კონკრეტულ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებაში, შენობაში თავშეფარებული ადამიანის მიმართ დასაშვებია რეზინის ტყვიის გამოყენება, თუნდაც ამ პირის ქმედება არ ქმნიდეს ძალადობის საფრთხეს; როცა რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენება დასაშვებია 20 მეტრიანი რადიუსის დაცვით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობა. ეს უკანასკნელი აკრძალულია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. ზემოთ ჩამოთვლილი გარანტიების არ არსებობის პირობებში, არალეტალური ჭურვის გამოყენება წარმოადგენს არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის აბსოლუტური უფლების დარღვევას. იმის გამო, რომ სადავო ნორმები, ზემოთ ხსენებული გარანტიების არ არსებობის პირობებში ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის გამოყენებას, სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, ვითხოვთ მათ არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას. - ნათქვამია სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ცნობისთვის, მაია გომურის სარჩელის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ