თბილისის საქალაქო სასამართლომ 61 წლის ლევან ჯანგველაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ. ჯ.-ს და გ. ჩ.-ს. სროლის დროს ასევე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლ. ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ. ჩ.  ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული  ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20  წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.