61 წლის ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 50 წლის გელა უძილაური დააკავეს. ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაური დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებული ამ დროისთვის შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
„გუშინ შევხვდი, ვიდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ. კომუნიკაცია გვქონდა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. უარი არაფერზე განუცხადებია, მონაწილეობა მიიღო ყველაფერში, ჩვენებაც მისცა და ამ დროისათვის იყენებს მისთვის კანონიერად მინიჭებულ დუმილის უფლებას, ჩვენების ფარგლებში დუმილის უფლება დააფიქსირა. გაოგნებული იყო. დღეს უნდა შევხვდე პირისპირ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ზოგადად, მოცემულობით გაოგნებული იყო. ჩემთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა. ველოდები მასალების გადმოცემას“, – განაცხადა მარიამ ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.