საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდეადბულის, ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
"ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასვე 2007 წლის 18 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ზურაბ აბზიანიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, 2005 წლის დეკემბრის თვეში ზ. აბზიანიძემ, იცოდა რა ქ. თბილისში არმაზის ქ. N3/5-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,არმაზის ქ. N3/5-ის მიერ წარმოებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ, განიზრახა თაღლითური გზით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად ზ. აბზიანიძე მითითებულ მისამართზე რამდენჯერმე შეხვდა ამხანაგობის თავმჯდომარეს ზ.მ-ს და მას გაეცნო, როგორც არქმშენინსპექციის თანამშრომელი, მაშინ როდესაც ამ დროისთვის არ მუშაობდა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ზ.აბზიანიძემ დაარწმუნა ზ.მ, რომ მისი მხრიდან ობიექტის მშენებლობის ხარისხის შემოწმების შემთხვევაში გამოვლენილი იქნებოდა სხვადასხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევები, რის გამოც ამხანაგობას შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები. ზ. აბზიანიძემ ზ.მ-ს შესთავაზა წინადადება, რომ იგი არ შეამოწმებდა მიმდინარე მშენებლობის ხარისხს, არ მოახდენდა გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და მშენებლობასთან დაკავშირებით შეადგენდა დადებით დასკვნას, რის სანაცვლოდაც ზ.მ-ს უნდა გადაეხადა გარკვეული ოდენობის თანხა. ზ.მ მშენებლობის შეჩერებისა და მოსალოდნელი დაჯარიმების თავიდან აცილების მოტივით, დასთანხმდა ზ. აბზიანიძის შემოთავაზებას ფულის გადახდის თაობაზე და მას ქ. თბილისში სააკაძის მოედანთან არსებულ პროფკავშირის შენობის ერთ-ერთ ოთახში გადასცა 200 აშშ დოლარი.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა ზ.მ-ს, მას არასდროს შეხვედრია და არანაირი ფულადი თანხა არ გამოურთმევია. დაზარალებულ ზ.მ-ს ჩვენებით პირი, რომელიც მას აბზიანიძის სახელითა და გვარით გაეცნო იყო სხვა პირი, განსხვავდებოდა როგორც ასაკით, ისე გარეგნული ნიშნებით და ამოცნობის ჩატარების შემთხვევაში ის აღნიშნულ ფაქტს ჩვენებაში იმჟამინდელი გამოძიების დროსაც დაადასტურებდა. შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად ფაქტობრივად გამორიცხა ზურაბ აბზიანიძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2023 წლის 15 მარტს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის და მტკიცებულებების საფუძველზე, ზურაბ აბზიანიძის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურა, გამოძალვისთვის მსჯავრდებულ ნელი ნავერიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ნელი ნავერიანი 2010 წლის 7 ივლისს სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა და 2010 წლის 9 ნოემბერს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად,
ნელი ნავერიანმა, შ. ჯ. - მ, დ. ჯ. -მ და ტ. ჯ.-მ ტურისტული ბაზა „უშბა“-ს მმართველს დ.ქ.-ს განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ტურისტული ბაზა წარსულში მათ და მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, თუმცა უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა დ.ქ. -ს ძალადობის მუქარით მათთვის 220 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. 2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს შეხვდა და მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარის ოდენობით გადასცა. აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა თანხის გადაცემის დროს, ხოლო ნელი ნავერიანი მის საკუთარ სახლში დააკავეს.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-თან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის, სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით და ითხოვდა საქმეში ადვოკატების ჩართვას. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი არ ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისათვის თანხის გადაცემა განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ნელი ნავერიანის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
შესაბამისად, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 466 პირი, რომელთაგან 326 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 65 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 121 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.