მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იტალიის რესპუბლიკაში - თამარ ლილუაშვილთან ერთად, ქალაქებში - ემპოლისა და ფლორენციაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრა. ამჟამად, სკოლებში 30 მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, შეისწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ქართული ცეკვა, სიმღერა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ასევე, თინათინ რუხაძე ფლორენციის ქართულ სამრევლო ტაძარში არქიმანდრიტ მამა ანდრია ლაცაბიძესა და მრევლს შეხვდა.
"იტალიაში ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ პროგრამას წარვადგენთ. საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ვეწვიე საკვირაო სკოლებს. შევხვდით ჩვენი ემიგრაციის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, იტალიაში ქართული კულტურის კერები არსებობდეს და ჩვენს მომავალ თაობას, რომელიც აქ იზრდება, ჰქონდეს ბმა საქართველოსთან. მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რათა ევროპაში ქართული კულტურის ერთგვარ ელჩებად ჩამოყალიბდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებით, ქართულ კულტურას მაღალ დონეზე წარვადგენთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.