საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
სასწავლო კურს იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულის და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი ოვი კეროლი უძღვებოდა.
ტრენინგში საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კრიტიკული ციფრული მტკიცებულებების ანალიზის მეთოდებს, საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით. სწავლების შედეგად მიღებული ინფორმაცია კურსის მონაწილეებს დაეხმარება კომპიუტერულ სისტემებში ციფრული მტკიცებულებების ამოცნობაში, ასევე, მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის უნარების განვითარებაში. სემინარი, ასევე მოიცავდა ეფექტური ციფრული გამოძიების ანგარიშის წერის ტექნიკებისა და ამ ანგარიშის სასამართლოში წარდგენის ტექნიკების შესახებ თეორიულ ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ სწავლება აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით და ასვე გლობალური კიბერ ექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება მიმდინარე წელს დასრულდება.