რატი ბრეგაძემ გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა. საზღვარი აქვს ყველაფერს, ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რატი ბრეგაძე გააკეთა განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რომ დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს, მოწმეა ჩვეულებრივი. ახლა მინისტრი რომ არის, ეგ არაფერი. რა თქმა უნდა, მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა. ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებაზე, მათ შორის, მისი სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე“.