გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 518 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 234 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 108 - ქუთაისში, 102 - ბათუმში, 74 კი - რუსთავში.
518 სამართალდამრღვევიდან 459 ფიზიკური პირია, 59 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 286 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 207 - მიკროავტობუსის, 23 სატვირთო ავტომობილის, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2933 ფაქტი გამოავლინეს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.